English / ქართული / русский /
მარინე ცუცქირიძე
ბიზნესის განვითარების ტენდენციები და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები

ანოტაცია. ნაშრომში გადმოცემულია ბიზნესის განვითარების პროცესისა და მისი თანამედროვე ტენდენციების აქტუალური საკითხები; განხილულია საბაზრო ურთი¬ერთობებისა და ბიზნესის, კერძოდ მისი დარგობრივი საქმიანობის განვითარებაში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებები, რაც ძირითადს და ამავე დროს მნიშვნელოვან ტენდენციას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური და სოციალური სისტემების განვითარებისა და მათ შორის ინტეგრაციული ევროსაბაზრო ურთიერთკავშირების დამყარებისათვის.
საკვანძო სიტყვები: ეკონომიკა, ბიზნესი, ეკონომიკური განვითარება, ბიზნესის ტენდენციები, ინოვაცია, ტექნოლოგია.

შესავალი

ეკონომიკისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის სფეროების განვითარებისათვის აუცილებელ ერთ-ერთ ძირითად ტენდენციას საქართველოში წარმოადგენს მეწარმეობის, ძირითადად მისი ევროსამეწარმეო დარგების მოწესრიგება, მათი გარდაქმნა საწარმოთა ინტეგრაციის პრინციპებთან ურთიერთდამოკიდებულებაში; ამით მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ხელშეწყობა და ბიზნესის საქმიანობაში – წარმოებისა და მომსახურების პროცესებში, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების უზრუნველყოფა. აღნიშნული თანამედროვე სამეცნიერო და ტექნიკური გამოკვლევებით, მათი ერთიანი ევროპული სტანდარტების შემუშავების გზითაა შესაძლებელი. ამ მიმართულებით განხილულია ბიზნესის განვითარების თანამედროვე ტენდენციის – მის საქმიანობაში, დარგობრივ და საბაზრო პროცესებში ახალი და პროგრესული ტექნოლოგიებისა და მათ ინოვაციურ სახეობათა გამოყენების თავისებურება და აქტუალური საკითხები. 

* * *

თანამედროვე ეკონომიკური სისტემების განვითარების მთავარ ტენდენციას წარმოადგენს ბიზნესის საქმიანობის წარმართვა ევროინტეგრაციულ გარდაქმნებთან ურთიერთშესაბამისად. მიზანშეწონილი და შესაძლებელია ბიზნესის განვითარების ეს ტენდენცია ძირეულად დაუკავშირდეს მისი საქმიანობის ისეთ მიმართულებათა განხორციელებას, რომელიც საფუძვლად უდევს სამეწარმეო სისტემის შედეგების ამაღლებას და ბიზნესის შემოსავლების გადიდებას. ასეთს თანამედროვე ვითარებაში წარმოადგენს _ 1. ინოვაციური ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო წინაპირობების წარმოქმნა; 2. ინოვაციურ პოლიტიკასთან ურთიერთშესაბამისი ბიზნესსისტემის ფუნქციონირება.

ბიზნესის სისტემის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისათვის მთავარ საფუძ-ველს წარმოადგენს ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება და გამოყენება, რაც აუცილებელია საწარმოთა თანამედროვე ევროინტეგრაციის ვითარებაში. ინოვაციური ტექნოლოგიები ევროკავშირის სამეცნიერო და ტექნიკური გამოკვლევებისა და გამოგონებათა შედეგების მიხედვით უნდა იქნეს შექმნილი, რომელიც ორმაგი დანიშნულებით გამოიყენება. ასეთი ორმაგი ტექნოლოგიები ძირითად ინოვაციურ რესურსს წარმოადგენს. იგი გამოიყენება ბიზნესის და მისი დარგობრივი სექტორების, განსაკუთრებით სამრეწველო ფირმების საქმიანობაში. ასეთი ტექნოლოგიები ბიზნესის ორგანიზებულობის უფრო მაღალი დონის მისაღწევადაა საჭირო და მისი დაცვის უახლესი ტექნიკური მეთოდების წარმატებით გამოყენების საშუალებაა.

მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბიზნესსისტემის განვითარება პროდუქციისა და მომსახურების საბაზრო ეფექტიანობაზე, რაც ფირმათა ინტეგრირების შესაძლებლობას განაპირობებს. ფირმათა ევროინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი ძირითადია ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება. იგი ეკონომიკური საფუძვლების გაუმჯობესების მიზანს ემსახურება და წარმოების ტექნიკური და ტექნოლოგიური სრულყოფის აქტიურ შედეგს წარმოადგენს. მათ შორის ბიზნესის საქმიანობის გაუმჯობესებისათვის მთავარია პროდუქციის წარმოებისა და მომსახურების ორგანიზაციული სისტემისათვის აუცილებელი ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზება. ეს ფირმებს შესაძლებლობას უქმნის ახალი და გაუმჯობესებული დიზაინის მქონე ტექნიკის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებისათვის, რაც აუცილებელია ფირმის პროდუქციის ან მომსახურების საბაზრო ეფექტის გაზრდისათვის. აღნიშნული წარმოადგენს სწრაფად განვითარებადი და ორმაგი ტექნოლოგიების წარმოებაში გამოყენებისა და ტექნოლოგიური ზრდის მისაღწევად საჭირო წინაპირობას.

თანამედროვე პირობებში ბიზნესის სისტემაში ფუნქციონირებადი საწარმოების შიდა საბაზრო ინტეგ¬რაციის მიზნებისათვის გამოიყენება:

1. რობოტების როგორც სწრაფადგანვითარებადი, ასევე თავდაცვითი დანიშნულების ტექნოლოგიების წარმოება. ტექნოლოგიური ზრდა, როგორც ცნობილია, განაპირობებს რობოტოტექნიკის წარმოების გადიდებას, მის გამოყენებას ორმაგი დანიშნულებით – საწარმოო და სოციალური მომსახურების დარგებში;

2. კომპიუტერული ტექნიკის საშუალებათა წარმოების გადიდება, რაც ტექნოლოგიური ზრდისათვის მნიშვნელოვანია და მისი მიზანია ტექნოლოგიურად განვითარებული ბიზნესის დარგებისათვის ფირმების ფუნქციონირების პროცესის რაციონალურად წარმართვა;

3. ევროსამეწარმეო სისტემისათვის აუცილებელი უახლესი ტექნოლოგიები, – ავტომატური გადახდისა და ავტომატიზებული მომსახურების სისტემები, რომელთა საფუძველზე განხორციელებული პროცესების დროს თავდაცვის მიზნით ფართოდ გამოიყენება თანამედროვე, უახლესი ინოვაციური ტექნიკა.

4. ფირმების საპატენტო სისტემა, რომელიც განაპირობებს სამეცნიერო გამოკვლევების გაფართოებას და წარმოადგენს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებისათვის აუცილებელს. იგი ინოვაციური საქმიანობის კომერციალიზაციის გზით ხორციელდება.

5. ტექნოლოგიური პროგრესის შედეგები, განკუთვნილი საბაზრო პროცესებისათვის, ანუ საბაზრო ტექნოლოგიები, მათ შორის მნიშვნელოვანია ფასწარმოქმნის ახალი სისტემის შემუშავება და სხვ.

ახალი ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა წარმოადგენს მნიშვნელოვან და მთავარ ფაქტორს, რომელიც მიანიშნებს ევროგაერთიანებაში საქართველოს და სხვათა ეკონომიკების უპირატესობაზე და ასახავს მათი განვითარების ტენდენციას თანამედროვე ეტაპზე. ამდენად, მეცნიერებისა და ტექნიკის, ტექნოლოგიისა და წარმოების ურთიერთკავშირი წარმოადგენს ერთ-ერთ მართვად კონვენციას, რომელიც განაპირობებს ინოვაციური ბიზნესის განვითარებისათვის წინაპირობის წარმოქმნას. ამასთან აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიების გამოყენების ძირითად ობიექტებს წარმოადგენს თავდაცვითი და სამოქალაქო წარმოებათა საქმიანობის დარგები. მათი ინოვაციური აქტიურობის ამაღლება ეკონომიკის, კერძოდ ბიზნესის სისტემაში მოითხოვს ახალი ტექნოლოგიების სექტორის გაძლიერებასაც. ეკონომიკური განვითარების მიზნების მისაღწევად ძირითადია „ორმაგი დანიშნულების" ტექნიკისა და ტექნოლოგიების წარმოების ზრდა, რომელიც სახელმწიფოებრივ ხელშეწყობასაც მოიცავს. იგი დაკავშირებულია დიდ ფინანსურ დანახარჯებთან და მეცნიერებატევადს წარმოადგენს.

ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს მიეკუთვნება ისეთი ტექნოლოგიები, რომლებსაც ახასიათებს საწარმოო და თავდაცვითი ხასიათი და გამოიყენება ბიზნესის სისტემაში ინოვაციური სამრეწველო ტექნიკის შექმნისათვის, ასევე სამოქალაქო პროდუქციის წარმოებისათვის. ასეთი ტექნოლოგიები წარმოადგენს პოტენციურ საშუალებას თავდაცვითი ტექნიკის წარმოებაში გამოყენებისათვის. მნიშვნელოვანია მათი უპირატესობანი სხვა ტექნოლოგიებთან ურთიერთმიმართებაში, მათ შორის ძირითადია:

ორმაგი ტექნოლოგიები იძლევა მათი შემუშავების სტიმულირებისა და დანერგვისათვის საჭირო ვადების შემცირების საშუალებას და განაპირობებს მათთვის განკუთვნილი ფინანსური სახსრების ბრუნვადობის დაჩქარებას;

იგი ამცირებს ტექნოლოგიურ განსხვავებებს ბიზნესისა და ეკონომიკის სამრეწველო და სოციალურ სექტორებს შორის, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნეს თავდაცვითი მიზნებისთვის ბიზნესის სისტემაში არსებული სამრეწველო პოტენციალი;

ეს იძლევა მმართველობითი კაპიტალის ოპტიმიზების მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას, ასევე მთავარს წარმოადგენს ინოვაციური პოლიტიკისა და სამრეწველო პოტენციალის უზრუნველყოფისათვის საჭირო და პროდუქციის მისაღებად აუცილებელი დანახარჯების გაწევისათვის;

მისი საშუალებით შეიძლება ორმაგი დანიშნულების ინოვაციური ტექნიკისა და ტექნოლოგიის შექმნაზე დანახარჯების შემცირება და თავდაცვითი ტექნოლოგიის შემუშავება მისი ახალი სახეობის შექმნის მიზნით.

როგორც ცნობილია, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების საფუძველს წარმოადგენს სამეცნიერო-ტექნიკური გამოკვლევების შედეგები. ასეთი ტექნოლოგიები სტანდარტული სამომხმარებლო თვისებებით გამოირჩევა, რაც განპირობებულია მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევათა საფუძველზე პროდუქტის მიღებისა და ტექნოლოგიის ჩამოყალიბების პროცესით. ამ ტექნოლოგიების ინოვაციურობა კი განაპირობებს მათ წარმოებაში დანერგვას და საბაზრო პროცესებში ფირმათა აქტიურობას.

მეცნიერული და ტექნიკური პოტენციალის გამოყენება ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ჩამოყალიბებისათვის განაპირობებს ფირმების პროდუქტებისა და მომსახურების ზრდას, მათი საბაზრო კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ფირმების ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენს საპატენტო-სალიცენზიო პოლიტიკის გატარება ევროგაერთიანებაში არსებულ წარმოებებში ორმაგი ტექნოლოგიების გამოყენებისათვის, ასევე ტექნოლოგიების მომზადება კომერციონალიზაციის მიზნით, რაც ინდუსტრიულად განვითარებული სახელმწიფოების სტანდარტების მიხედვითაა მიზანშეწონილი.

ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების წარმატებით კომერციალიზაცია შესაძლებელია ევროგაერთიანებაში არსებულ სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების, საწარმოებისა და მეწარმეობის სექტორის ურთიერთზემოქმედებით, რაც შესაძლებელია ინოვაციური ინფრასტრუქტურის ობიექტების გზით. ამით განპირობებულია: 1. ინოვაციური პროექტების შერჩევა და კომერციული პოტენციალის გამოყენება; 2. საპატენტო გამოკვლევათა განხორციელება; 3. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ასეთს წარმოადგენს გამოგონებები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო პროგრამები, მონაცემთა ბაზარი და ინტეგრაციული მიკროსქემების ტექნოლოგიები; 4. ახალი მცირე ინოვაციური საწარმოების მმართველობის (მენეჯმენტის) განხორციელება მეცნიერული კვლევების შედეგების კომერციალიზაციის მიზნით; 5. კომერციალიზაციის პროცესის დაფინანსებისათვის ინვესტორების შერჩევა და მოზიდვა. ამ საკითხების გადაჭრით მნიშვნელოვნად იზრდება ინოვაციური პროცესის ეფექტიანობა. ამასთან ერთად აუცილებელს წარმოადგენს სპეციალიზებული ორგანიზაციის წარმოქმნა, რომელიც განახორციელებს საწარმოთა ინტეგრირებას, მიმართულს დიდი ტექნოლოგიური პროექტების რეალიზაციისთვის.

ტექნოლოგიური განვითარების პროცესი ბიზნესსისტემისათვის მიანიშნებს ურთიერთკონკურირებადი კომპანიების მმართველობის ინტერესის გაძლიერებაზე ინფორმაციული უსაფრთხოებისადმი. ამისათვის მნიშვნელოვანია: 1. ფასების პოლიტიკა, რეკლამების, მომსახურებისა და კომერციული საქმიანობის სხვა ფორმათა, ასევე კონკურენტის ინფორმაციის საიმედობა, რაც კომერციული რისკის შემადგენელ ელემენტებს წარმოადგენს; 2. ელექტრონული კომერცია, რომელიც ძირითადია საერთაშორისო საბაზრო ურთიერთობების დასამყარებლად. მათ მიეკუთვნება კომპენსაციების შესახებ ინფორმაციის კომპიუტერული უსაფრთხოება, რომელიც ემყარება ტექნოლოგიურ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს და კომპიუტერული სისტემების ხარისხს, ასევე მონაცემებისა და კომუნიკაციების საიმედობა და უსაფრთხოების დონე. იგი განაპირობებს ბიზნესსისტემის ფუნქციონირებას არასტაბილური საბაზრო პროცესების წარმოქმნის დროსაც, აღმოფხვრის მატერიალური და ფინანსური სახსრებით დაზარალების შესაძლებლობას და სხვ.; 3. ბიზნესი, რომელიც ორგანიზებულია საერთაშორისო უპირატესობათა საფუძველზე. ასეთი ბიზნესისათვის დამახასიათებელია კომპლექსურობის, საიმედობისა და უწყვეტობის თვისებები, რაც მისი საქმიანობის ძირითადი პრიცნიპებით გამოიხატება. ამ თვისებების საშუალებით ბიზნესის სისტემაში იზრდება საფინანსო რენტაბელობა, გადახდისუნარიანობა, ინოვაციური აქტიურობა და ინვესტიციების დაბანდებისადმი მიზიდულობა; 4. ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები, ასეთს წარმოადგენს მმართველობითი პოზიციები და მეთოდები, რომლებიც დამყარებულია: მარეგულირებელი რესურსების გამოყენებისთვის საჭირო ინფორმაციის ავტომატიზებულ სისტემაზე და მისი გადაცემისათვის საჭირო საშუალებებზე; რეგლამენტაციაზე ინფორმაციული თავდაცვის პროცესში; როგორც მექანიკური, ასევე რადიომმართველობითი, კოდური, მიკროპროცესორული და ტელე-კომუნიკაციური, ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენებაზე და სხვ. ამიტომ ინტელექტუალური საფუძვლების განვითარება მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესის, ასევე საერთაშორისო და სახელმწიფოებრივი ეკონომიკის ტენდენციების გამოვლენისა და განხორციელების მიზნებისათვის.

ამრიგად, შესაძლებელია თავდაცვითი და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნესის განვითარების მიზნით სახელმწიფოებრივი და კომერციული სახსრების საშუალებით განხორციელდეს. იგი ინოვაციური ბიზნესის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების წინაპირობასაც წარმოადგენს და დარგობრივ, საბაზრო პროცესებში მაღალტექნოლოგიური თვისებების პროდუქციისა და მომსახურების საფუძველზე მონაწილეობისა და ინტეგრაციული ეკონომიკური და კომერციული ურთიერთკავშირების დამყარებისთვისაა აუცილებელი. 

დასკვნა

თანამედროვე ბიზნესის სისტემის განვითარების ერთ-ერთ ტენდენციას წარმოადგენს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება მისი საწარმოო და მომსახურების პროცესების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით. ამისათვის მნიშვნელოვანია: თავდაცვითი და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნესის დარგობრივ სექტორში, ამით მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, სოციალური მომსახურების სისტემებში ბიზნესის ორგანიზებულობისა და ინოვაციური აქტიურობის ამაღლება, რაც განაპირობებს ინტელექტუალური საკუთრების საშუალებით წარმოქმნილი, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების გზით ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკის ფუნქციონირებაში სახელმწიფოთა კომერციული საფუძვლების გაუმჯობესებას.

ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებისათვის აუცილებელია: ევრო-გაერთიანების სამეცნიერო და ტექნიკურ გამოკვლევებში ინტეგრაცია, ინოვაციური კონსორციუმების ჩამოყალიბება, ინოვაციური საქმიანობის განვითარება და სამეცნიერო-საწარმოო კოოპერაციული ურთიერთკავშირების საშუალებით მათი ორგანიზება, ინოვაციური საწარმოებისა და ფირმების ინტეგრაცია. ურთიერთკოოპერირებული კავშირის – „მეცნიერება და განათლება – ინოვაციური ბიზნესი – დარგობრივი საწარმოო და მომსახურების სისტემები" – განვითარება, მათი შესაბამისი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგების განვითარების სტიმულირება. აღნიშნული განაპირობებს ბიზნესის სისტემისათვის ინფორმაციული, ფინანსური და მატერიალური საფუძვლების გაუმ¬ჯობესებას, კომერციულ გადაწყვეტილებათა ეფექტიანობას, ასევე შრომითი და ინტელექტუალური რესურსების უფრო სრულად გამოყენებას. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რამაზი, ევროკავშირის ინოვაციური სისტემა, სამეცნიერო შრომების კრებული, ტ. X, თბილისი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2017.

2. პაპავა ვლადიმერი, ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის დაძლევაში ევრო¬კავ-შირის პოსტკომუნისტური ქვეყნების ინოვაციური სისტემების გამოც¬დილება, სამეცნიერო შრომების კრებული, ტ. X, თბილისი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2017.

3. ბერულავა გიორგი, კაკულია ეთერი, გოგოხია თეიმურაზი, ინოვაციური მცირე ფირმების (ბიზნესის) ფუნქციონირების თავისებურებები ევრო¬კავშირის ქვეყნებში, სამეცნიერო შრომების კრებული, ტ. X, თბილისი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2017.

4. მენქიუ გრ., ეკონომიკის პრინციპები, თბილისი, დიოგენე, 2000.

5. ცუცქირიძე მარინე, სლოვენიის ინოვაციური სისტემა, სამეცნიერო შრომების კრებული, ტ. X, თბილისი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2017.

6. https://finlit.onfine/oshovyi-ekonomiki/technologii-dvoinogo-primeneniya-resurs-9518.html